თითქოს აქ არც ვარ, გარეთ კი ისე წვიიმს, გაურკვევლად მესმის სიმღერიდან სიტყვები, ,, ჩემს გულში ... , გეტყვი როგორ მიყვარხარ ... , შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ ..." მგონი ნიაზ დიასამიძეა, ალბათ რადიოშია, მე კი უფრო მაფიქრებს და სადღაც სხვაგან მიმაქროლებს. ვეყრდნობი მანქანის საზურგეს კმაყოფილი სახით და მიხარია, კიდე რომ ვგრძნობ მას, ჩემთან ახლოს. მარის მოტკბო სურნელი ადის, მისი სუნამო უფრო მაფხიზლებს, ესენი არჩევენ ღვინოს, ვიწრო გზას, თითქმის საათ ნახევარია მოვდივართ, არც ერთი სოფლის დასაწყისში ტრაფარეტი არ არის მოთავსებული. ვერ გაიგებ რომელი დამთავრდა, რომელი დაიწყო. კოკისპირული წვიმაა, საქარე მინაზე გამწმენდი ხან აჩქარდება, ხანაც უფრო ნელდება. მთიდან დავეშვით, საკმაოდ მაღალზე ვიყავით, სულ მთები იყო ირგვლივ და კარგი იმერული მასპინძლობა, სოფელი თავისი სოფლის სუნით, სუფრა მეორე სართულზე, ,,ზალაში" იყო გაშლილი და მარჯვენა კუთხეს მსუქანი ,,დამკვრელი" იკავებდა, რომელიც ჭამას რომ მორჩებოდა, თითს დააჭერდა თავის სინთეზატორს ...