დავამთავრე თუ არა ერთი წიგნის კითხვა, იქვე მეორე დავიწყე, რომელიც კარგა ხანია რიგში დგას, საახალწლოდ ვიყიდე და მის მერე ვერ წავიკითხე, რადგან არ მიყვარს ერთი წიგნიდან მეორეზე გადახტომა, ამიტომ მერჩივნა დაწყებული დამემთავრებინა, სხვა კი მერე დამეწყო.
მერე ვფიქრობდი ქმარი და შვილი, რომ მყავდეს ასე ინტენსიურად ხომ ვერ შევძლებდი ჩემი სურვილების ასრულებას - თქო. თუმცა კითხვას მაინც არ მოვწყდებოდი. მაშინაც მექნებოდა წიგნი წამოწყებული და აუცილებლად მოვიპარავდი დროს მისი წაკითხვისათვის.
რამადენიმე წლის წინ ყველა წუწუნებდა, რომ კითხვის მოყვარულთა რიცხვმა იკლო (რომელიც ბევრი მანამდეც არ იქნებოდა ) და რომ წიგნი არ იყიდებოდა, მიზეზი ისიც იყო ალბათ, რომ მისი მაღაზიაც არ იყო ჩვენს ქალაქში, სადაც ახალი გამოცემები იქნებოდა. ახლა კი ,,ბიბლუსი" არა მგონია კლიენტთა სიმცირეს უჩიოდეს.
მანამდე ბუკინისტებთან დაეხეტებოდნენ კითხვის მოყვარულნი და მერე 1 ლარად შეძენილ ბალზაკს ან 2 ლარად ნაყიდ მერიმეს უსწორებდნენ ყდას ან პირველ გვერდს აწეპებდნენ, ახალ თეთრ ფურცელს აკრავდნენ ძველი მეპატრონის სახელის დასაფარად და მის ადგილას ახალი სახელი და გვარი ჩნდებოდა. უკვე გახუმებულ ფურცლებში კი მისი პატრონის დამოკიდებულებაც იგრძნობოდა წიგნისადმი, ალბათ.
,, 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" აქცია გრძელდება ანუ აღმოჩნდა, რომ 50 -ის წაკითხვა არ კმარა ერთი სიცოცხლისთვის, მეტის წაკითხვაა საჭირო. ამ აქციის მონაწილე ნაწილობრივ მეც ვიყავი, და მისი გაგრძელებაც მიხარია 50 წიგნი კიდე უნდა გამოვიდეს, გარდა ამისა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ერთად გამოსული წიგნმა შეილება ახალი მკითხველებიც გააჩინა.
Комментарии
Отправить комментарий