К основному контенту

მარჯვენა და მარცხენა


    2007 წელს, ქუთაისში, მწერალ გიზო თავაძის რედაქტორობით,  კატალოგი გამოიცა, სადაც  მხატვარ ეთერ ჩხიკვაძის ნამუშევრები შევიდა. ,,2000 წლამდე მარჯვენა ხელით ვხატავდი, დამემართა ინსულტი, რადგან პარალიზებული გამიხდა მარჯვენა მხარე, ვხატავ მარცხენა ხელით." ამიტომ ალბომს  ,,მარჯვენა და მარცხენა" ეწოდა.

ავტოპორტრეტი

   თავისი ნახატებიდან, ყველაზე მეტად, ავტოპორტრეტი მოწონს, ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო, ლექსების წერა ცხრა წლიდან: ,,ჩემი პირველი ნახატი, აღარ არსებობს, ეს იყო კედელზე შესრულებული, ღუმელთან განლაგებული, რამდენიმე ადამიანის სასაცილო ფიგურა. ბავშვობაში ვხატავდი ფანქრით, მერე ზეთის საღებავებით. ვაკვირდებოდი ყველაფერს, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მთვარეს, ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი შემგრძნებია საზოგადოების სულიერი მდგომარეობის. ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება იძლევა სხვადასხვა სურათს, საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავდება, ზოგჯერ გაზვიადებულად იჟღინთება ჩემს სულში, ეს ყველაფერი თვალებში ისახება, ადამიანი, თავისი განცდით, ჩაფიქრებული თავის ცხოვრებაზე." 

    სკოლა წარჩინებით დაამთავრა სოფელ ჩხარში და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ ინჟინერ-ეკონომისტის პროფესიას დაუფლებოდა, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტში, ფერწერის განხრით, სადაც ვეღარ მოხერხდა სწავლის გაგრძელება. მონაწილეობას იღებდა თვითნასწავლი მხატვრების გამოფენებში, პერსონალური გამოფენა ,,ოქროს ჩარდახში" ერთი, 1992 წელს მოეწყო,  ხოლო მეორე 2007 წელს, აქვე მისი პოეზიის საღამოც გაიმართა.

     ახლა, სოციალურ საცხოვრებელში, მისთვის გამოყოფილი ბინა, პატარა გალერეაა, აქვეა სახელოსნოც. თავის ნახატებში ჩამჯდარ ფერებზე გვამახვილებინებს ყურადღებას. ბავშვობიდან რაც მოყვება ესაა: ,,ფერგადასული ყვითელი, მწვანე, ყავის ფერი, უფრო გახუმებული ფერები, ეს შესანიშნავია, დღეს მიყვარს გამხმარი ჭადრის ფოთლის ფერი, ზურმუხტის ფერი, ძალიან მინდა ახალი ფერები,  რაც არ უნდა ვეწაფო ხომ, მაინც, ამ ფერებში ვღებულობ ყველაფერს, იმიტომ რომ, მინდა ჩემი იყოს ის, რასაც დავხატავ.  ახლა, ახალი მინდა შევქმნა, სხვა ფერებით, კი ვამბობ, რომ მაინც, არ მცილდება, უნდა ვხატო, მაგრამ მგონია, რომ ფერი უნდა შევცვალო."


~


,,საღამომ
სევდის ფარდა დაუშვა სარკმელს,
             სევდის ფერი გადაეკრათ
ოთახშიც საგნებს, 
                 განწყობა ჩემი-
დამჭკნარი ვარდების მსგავსი, 
         გადაედო პალიტრაზე
 დაწყობილ ფერებს. 
მე ამ საღამოს, უსათუოდ,
 სევდის ფერებით დავხატავ,
ჩემი სულის, ნაწვიმარ ღრუბლებს."

       მხატვრობის ნიჭი ღვთის ნაბოძებ საჩუქრად მიაჩნია და საყვარელი ქართველი მხატვარი, მისთვის, გიგო გაბაშვილია, უყვარს როცა წვიმს, ხოლო თვითონ სახლშია.

    კედლებიდან საინტერესო სახეები იმზირებიან: ,,ვხატავდი ძირითადად პორტრეტებს, უფრო მეტად... სხვა თემა რომ ავირჩიო, მაინც მივდივარ პორტრეტისკენ, აი ეს არის ყვეალაფერი, თითქოს მასში ვსახლდები, ფერებიც კი იმ ადამიანის მომცველია, ვცდილობ დადებითი აურა მივაწოდო, ზოგიერთი ნამუშევარი, ამდენად, არ მაქვს დამთავრებული და ვთხოვ მომიტანეთ, დავასრულო. ქალებს მოწონთ, დახატული, მათი სახეები. ქალთა ტიპაჟები ჩემი სულიერი განწყობის შედეგია, პალიტრაზე დაწყობილ ფერებს აქვთ სულ სხვა სათქმელი. შემოქმედება ჩემთვის ყველაფერია, განსაკუთრებით ახლა, როცა  სხვა არაფერი გამაჩნია, ჩემი აზრი მხოლოდ შემოქმედებაშია.

სიცოცხლისათვის 
         არაფერს ვითხოვ,
ფურცლების,
 ფუნჯების,
ტილოების ,
საღებავების  გარდა.
სხვა სიმდიდრეს
 მე არ ვითხოვ,
 სხვა მე არაფერი მინდა."




















მათხოვარი





წვიმაში ხეტიალის შემდეგ




დაღლა








,,შენმა სიჩუმემ ფერი უცვალა 
იმ ერთ ლამაზ დღეს,
გაზაფხულის ფერებში რომ დავხატე ,
ჩემს ოთახში რომ ჩამოვკიდე.
ველოდი, ყოველდღე შენს ხმაურს,
მაგრამ სიჩუმემ, დიდმა სიჩუმემ 
თვითონ ჩამოხსნა, ოთახის კედლიდან 
ის ლამაზი დღე.

   1983 წლიდან მუშაობდა ქუთაისში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში, ეკონომიკის ლექტორად-საერო ინსტიტუში ,,გელათი", ,,ნატიფი ხელოვნების სტუდიაში"-ეკონომისტად, ფოლკლორის სასახლეში-მხატვრად, არასახელმწიფო სკოლა ,,ბალავერი" -პედაგოგად.  ხატვისთვისაც კი  დრო ცოტა  რჩებოდა.
  საღამოობით, მისი სახლი, ნიჭიერი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი ხდებოდა, სადაც საუბრობდნენ ხელოვნებაზე, მომავალზე, პრობლემებზე.

    დღეს, დარჩა ნახატები და როგორც თვითონ ამბობს, სხვა ყველაფერი დაიკარგა.   ახლაც ხატავს, თუმცა მეტის სურვილი აქვს, რადგან მეტს ხედავს, იდეები უფრო ბევრია, ვიდრე ტილოზე გადააქვს.


    თარიღი, რომელსაც ამოშლიდა მისი ცხოვრებიდან, 1999 წლის 24 აპრილია, როცა ინსულტი დაემართა, თან რამდენიმეჯერ ,, ადრე ვხატავდი  იმ ადამიანებს, იმ თვალებს, იმ სულიერ განწყობას, რომელთაც ძალიან უჭირდათ, ახლა კი,  მე ვარ ამ ადამინებს შორის, ჩემში არსებობს ეს ტკივილი, რაც გადამხდა. ბევრს დავდიოდი, მოძრავი ვიყავი, ახლა გადაადგილება მიჭირს." 



,, აღარ გელოდი,
ჩემი დარდების წვიმიან ქარში.
ფიქრების ქოლგა გავშალე მაინც,
მაინც დავდექი ფიქრის კარებთან,
მოგონებების ასხმული რაშით.
აღარ გელოდი, 
ნაპირი ჩემი 
     ცრემლმა დატბორა,
რწმენის ბარტყებიც 
დაიხრჩვნენ წყალში, 
აღარ გელოდი, 
ქოლგა, ფიქრების, გავშალე მაინც,
მაინც დავდექი ტაძრის კარებთან ,
მაინც დავდექი და დაგელოდე."

    ეს ნახატები, მხოლოდ ნაწილია ეთერ ჩხიკვაძის  შემოქმედებიდან, მასში კი  მიუხედავად  ტკივილისა, ავადმყოფობისა, მარტოობისა, არსებობს რწმენა, იმედი, დიდი სიყვარული და უდიდესი სურვილი ადამიანებთან ურთიერთობის,  არსებობენ კარგი მეგობრები, რომლებიც ხშირად შეუღებენ კარებს, მოსაკითხად, სასაუბროდ, ერთ-ერთი მათგანი მხატვარი გელა ღაჭავაა, რომელიც შემდეგს გვიყვება:

   ,,ეთის  ვიცნობ 1992 წლიდან გვყავს საერთო მეგობრები, რომლებიც ახლა მიმოფანტული არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მაგალითად ნიჭიერი მხატვრები: კახა მეტრეველი, მაკა ვეკუა, კარგი მეგობრობა ქონდათ, ერთმანეთის გავლენას რომ განიცდიდნენ, ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთს ედგნენ გვერდში. ბევრია ვინც დღეს მოდის ეთისთან, აკითხავს, არიან კეთილი ადამიანები, მაგრამ ისე ხშირად ვერ ახერხებენ, როგორც ჭირდება და უნდა, რადგან უხარია ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია ისეთი ხშირი აღარა აქვს, თუმცა არ ცალიათ, მე არ ვამტყუნებ არავის, ოღონდ ერთია, თუ კი მანამდე იყო შენი მეგობარი, ახლაც ხომ არის? ახლა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ლოლიტა ჭოლაძემ ეთის სურათები  ,,ციფრული ფოტომატიანესთვის" წაიღო და საიტზე განათავსა (http://dspace.nplg.gov.ge/) ეს არის საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბიბილიოთეკის და კომპანია ,,ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი, რომელიც აგროვებს სხვადასხვა ოჯახებში დაცული ფოტოების ციფრულ ვერსიებს.

   მხატვართა კავშირი არ ინტერესდება, ნაკლებია ყურადღება, საერთოდ რაც შეეხება ქუთაისის მხატვრობას ნაკლებადაა მოხსენიებული, მცირე მიმოხილვაა მასზე, თავისი ადგილი დაკავებულია არ აქვს. მადლობა ვისაც ეთქმის, არის, მისი და, რომელმაც იტვირთა ეთის პრობლემები და ეს ოთახი ვინც მისცა ,,სოციალური საცხოვრებელი კეთილგანწყობილი გარემოთი" მასში შემავალ ორგანიზაციებს."

     გიზო თავაძე ალბომის,, მარჯვენა და მარცხენა" წინასიტყვაობაში წერს: ,,არიან ადამიანები, რომლებიც უცნობნიც კი (რაღაცნაირად) გგონია რომ შენი დიდი ხნის ნაცნობია და ცხოვრებაც მის სიახლოვეს გაგიტარებია. ასეთი პიროვნებაა ქალბატონი ეთერ ჩხიკვაძე, მას წლების განმავლობაში ვხედავთ: ელეგანტურს, ამაყად მოსიარულეს, უკარებასაც კი ...
 ეთი, 
სიცოცხლის სურვილით სავსე,
მეგობრებისათვის მზად მყოფი."










Комментарии

  1. როგორი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. მადლობა, რომ გაგვაცანი.
    განსაკუთრებით მომეწონა მოხუცი კაცის პორტრეტი. შენც როგორი სიყვარულით ჰყვები მასზე... რა საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა და მისი პირადად გაცნობა. თან როგორი ცხოვრება გაუვლია. ძალიან მომწონს,ფერებზე რასაც ამბობს და კიდევ ეს:

    საერთო ხედი, მაინც, ერთადერთია, დაკარგული ხალხი, მათხოვრები, განადგურებული, მიტოვებული უბნები, როდის იქნება მხოლოდ ღიმილი? არადა განცდა ღრმავდება, ზოგჯერ გაზვიადებულად იჟღინთება ჩემს სულში, ეს ყველაფერი თვალებში ისახება, ადამიანი, თავისი განცდით, ჩაფიქრებული თავის ცხოვრებაზე."

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი სხვანაირად შეუძლებელია, რადგან უზომოდ თბილი, მოსიყვარულე, კეთილი ადამიანია, ამას ერთი ნახვით იგრძნობ, გაგრძნობინებს.

      Удалить
  2. ბრავო ქალაბატონ ეთერ ჩხიკვაძეს და ბრავო ირი. არ ვიცი რატომ მაგრამ ამეტირა. ბატონ გიზოს აზრს ვეთანხმები: " არიან ადამიანები, რომლებიც უცნობნიც კი (რაღაცნაირად) გგონია რომ შენი დიდი ხნის ნაცნობია". ზუსტად ეს გრძნობა დამეუფლა... საუკეთესო სურვილები კოლეგას. ეგაა არ ვიცი კოლეგა თუ შეიძლება მეწოდოს (გარკვეული მიზეზების გამო).არასოდეს მიატოვოთ შემოქმედება... გეფერებით იტალიიდან საამაყო ქართველებო.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია. 

   ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.

   პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.
   მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელიორის პროფესიაც  აინტერეს…

აზროვენ ყოველთვის, როცა ფულს ხარჯავ ?

,,აზროვნებ ფულს ყოველთვის როცა ხარჯავ" აი, ამ წინადადებას ვკითხულობ ერთ- ერთ ბანკში , გამოკრულ სარეკლამო პლაკატზე.
   გონებაში ვაწყობ, ვმართავ ლიტერატურულად, სტილისტურად ამ წინადადებას და ვხვდები, რომ მთლად სწორად ვერ წავიკითხე ან აზრი არ არის კარგად გამოთქმული, თუმცა, ამავე დროს,  მიკვირს, რომ ბანკი წერს ასეთ რამეს.    ყველაფერი კი სხვანაირად ყოფილა. 
    დღის მანძილზე უამრავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ, ყველა, მთელი საქართველო, ბანკებისაგან თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, მობილურ ტელეფონებზე,  რომლებიც ფულს გვთავაზობენ სესხის სახით, მაგალითად ერთი 1200 ლარს, მეორე ბანკი 4200 ლარს მიმტკიცებს, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მოგვიანებით მირეკავს და მეუბნება რომ დღეს თანხის მიღების ბოლო ვადაა.  გარდა ამისა, წუთში 600 ლარამდე სესხი შემძლებია ავიღო ან ონლაინ, ადგილიდან  გასვლის გარეშე 240 ლარიდან 500 ლარამდე ფულს მთავაზობენ. აქვე, არავინ გიხსნის, რომ მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა  გაეცნო ხელშკერულებას, გაიგო რა პირობებით გაძლევს  ვალს, სესხს, კრედიტს, რომელიც როგო…

მაკარონის სამარხო სალათი

მაკარონი,  აქ მთავარი ინგრედიენტია, ამიტომ ეს კერძი მათვისაა ვისაც ის უყვარს, მე სწორედ მაკარონის მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი.
 მასალად საჭიროა :
100 - 150 გრამი მაკარონი,
2 -3 თავი, საშუალო ზომის, კარტოფილი,
200 გრამი სამარხო მაიონეზო ,
ერთი კონა ცერეცო ,
ერთი კონა მწვანე ხახვი,
გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა

მომზადების წესი
 ღუმელზე დავადგათ წყალი მცირე ზომის ქვაბით, როცა ადუღდება ჩავყაროთ ცოტა მარილი და მაკარონი, ასევე ცალკე მოვხარშოთ გაფრცქვნილი და მცირე ზომებად დაჭრილი კარტოფილი.  მოხარშვის შემდეგ,  დავჭრათ მცირე ზომებად კარტოფილი და მოვათავსოთ თეფშზე, დავუმატოთ მაკარონი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, გემოვნებით შევკმაზოთ მარილით და შავი წიწაკით,  ბოლოს მოვასხათ მაიონეზი, თან კარგად მოვურიოთ. 



რჩევისთვის: კერძის მირთმევა შეიძლება პურის გარეშე, არის საკმაოდ ნოყიერი. მას, ძირითად გემოს მატებს  მწვანი ხახვი და ცერეცო. Bon Appetit